Latest News

მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას

  • 23 Feb, 2018

სამშენებლო ობიექტებზე ბოლო წლებში იმატა ინციდენტებმა და ფატალურმა შემთხვევებმა. არსებული მდგომარეობა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არამარტო შრომის უსაფრთხოების კანონის მიღება, არამედ არსებული რეგულაციების დაცვის ზედამხედველობის გაძლიერება და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მეტად გააქტიურება. ამასთანავე აუცილებელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში შეტანილ იქნას სამოქალაქო მშენებლობის დარგი.

საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონონპროექტის დახვეწა და დაჩქარებულად მიღება მოხდეს. ასოციაცია ასევე მოუწოდებს მთავრობას, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავებაში სპეციალისტების ფართო წრის ჩართულობა.

თავის მხრივ ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტის განხილვაში.

 

შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის შენიშვნები და რეკომენდაციები

 

1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და ამ სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

ასოციაციის პოზიციით კანონი უფრო ფართოდ უნდა მოიცავდეს საშისპირობებიან სფეროებს. კანონპროექტის მე-3 მუხლში (ტერმინთა განმარტება) არ არის „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების“ განმარტება. გასაგებია, რომ კონონში ვერ გაიწერება ასეთი სამუშაოების დეტალური აღწერა და ვრცელი ჩამონათვალი, მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კანონით იყოს განსაზღვრული დარგები ან/და სამუშაოების ტიპების განმარტება.

მაგალითად, სამოქალაქო მშენებლობის დარგი არ შედის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №147/ნ ბძანებით დამტიკცებულ „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა“-ში. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შესაძლოა დაგეგმილი ჰქონდეთ კანონპროექტის მიღების შემდეგ საშიშპირობებიანი სამუშაოაბის ნუსხაში სამოქალაქო მშენებლობის დარგის შეყვანა, თუმცა ვთვლით, რომ კანონის დონეზეა საჭირო მომეტებული საფრთხის შემცველი სფეროებისა და საშიშპირობებიანი სამუშაოების აღწერის დაფიქსირება. შესაძლოა გაიწეროს  მშენებლობის კლასები. აუცილებელი შეიძლება არ იყოს I და II კლასის მშენებლობის საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში შეყვანა, მაგრამ III-V კლასის სამოქალაქო მშენებლობაზე სამუშაოების უმრავლესობა ნამდვილად წარმოადგენს საშიშპირობებიან სამუშაოებს. გარდა ამისა წინამდებარე კანონპროექტის მიღების გარეშეც შესაძლებელია სამოქალაქო მშენებლობის დარგის საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში შეტანა, თუმცა ეს არ არის გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მომხდარი ინციდენტებისა და ფატალური შეთხვევების მხრივ სამოქალაქო მშენებლობის დარგი ყველაზე პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №147/ნ ბძანებით დამტიკცებული „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ მიხედვით საშიშპირობებიან სამუშაოებად ითვლება ზოგიერთი ისეთი პოზიცია, რომელიც საფრთხის თვალსაზრისით ახლოსაც ვერ მოვა სამოქალაქო მშენებლობის დარგის გარკვეულ სამუშაოებთან. მაგალითად საშიშპირობებიან სამუშაოდ ითვლება კულტურის სამინისტროს სტუდიაში დასაქმებული ხმის რეჟისორი (მუხლი 509) და „ლომბარდში დასაქმებული მეკუჭნავე (მუხლი 525), მაშინ როცა IV კლასის სამოქალაქო მშენებლობის ობიექტზე სიცოცხლისთვის საშიშ სიმაღლეზე დასაქმებული მუშა არ შედის ამ ნუსხაში.

2. კანონპროექტის მე-7 მუხლში საუბარია ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნისა და სამსახურის შექმნის ვალდებულებაზე, რაც არასწორად მიგვაჩნია. ორგანიზაციების ტიპებისა და სამუშაოების სპეციფიკის მიხედვით, შეიძლება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სხვადასხვა რაოდენობა იყოს საჭირო. სპეციალისტთა რაოდენობა და სამსახურის შექმნის საჭიროება ორგანიზაციის მენეჯმენტმა უნდა განსაზღვროს. ორგანიზაციების მმართველობაში და დაგეგმარებაში მსგავსი ჩარევა და აღნიშნული რეგულაციის ასეთი ფორმით სტანდარტიზაცია არც სწორი იქნება და არც ეფექტური, თუმცა შესაძლოა დადგინდეს გარკვეული მინიმუმი და ორგანიზაციების მიერ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საჭიროებათა ანალიზის გაკეთებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა რაოდენობის დასაბუთების ვალდებულება და ამის დოკუმენტირება.

 

3. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომელიც დასტურდება სპეციალური მოწმობით).

ეს ჩანაწერი ბუნდოვანიც არის და ვერც ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას. ვერანაირი სპეციალური მოწმობით ვერ დადასტურდება ტექნიკური ჩვევები. საქართველოში შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტია. დღეის მდგომარებით შრომის უსაფრთხოების კომპეტენტური სპეციალსტების მცირე კონტიგენტს წარმოდაგენს, როგორც შესაბამის განათლების მქონე კვალიფიციური კადრები, ასევე ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებსაც ფორმალური კვალიფიკაცია (შესაბამისი დიპლომი) არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული პუნქტი გაიწეროს შემდეგნაირად:

„5. შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია. მას გავლილი უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი შრომითი ურთიერთობების, რისკების მართვის, სახანძრო უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პირველადი გადაუდებელი სამედინცინო დახმარების საკითხებში“.

 

4. კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკრედიტირებული პროგრამა. პროგრამის მოცულობას, განხორციელების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

როგორც საქართველოს, ასევე ევროპის ქვეყნების კანონმდებლოება იცნობს მხოლოდ 5 ტიპის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობას/პროგრამებს: ზოგადი (საშუალო/სასკოლო) განათლების პროგრამები; პროფესიული განათლების პროგრამები; სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები (პოლიციის/სამხედროების მომზადება); უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები; სასერტიფიკაციო პროგრამები. განვითარებულ ქვეყნებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება ხდება, როგორც აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე სპეციალური სასერტიფიკაციო პროგრამების ფარგლებში. ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების აკრედიტაციის საკითხები შედის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში. შესაბამისად კანონპროექტში მოცემული ჩანაწერი „...აკრედიტირებული პროგრამა. პროგრამის მოცულობას, განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს...“ არ შეესაბამება აღიარებულ პრაქტიკასა და მოქმედ კანონმდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ისწავლება შრომის უსაფრთხოების საკითხები, რეალურად ბაზარზე კვალიფიციური კადრების მიწოდება ვერ ხდება, რაც დაკავშირებულია ამ სფეროს მიმართ ახალგაზდებში მაღალი ინტერესის არარსებობასთან, ასევე განათლების სფეროში ხარისხის მხრივ არსებულ პრობლემებთან. შედარებით წარმატებულად ხორციელდება რამოდენიმე სასერტიფიკაციო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, ასევე საქართველოში ბოლო წლებში მიღებულ უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტებს.

ჩვენი პოზიციით, აუცილებელი თემებისა და მინიმალური საათების განსაზღვრა საკმარისი იქნება. სასერტიფიკაციო პროგრამების აკრედიტაციის, განხორციელების წესებისა და პირობების განსაზღვრა ვერ იმოქმედებს ხარისხზე და იქნება ზედმეტი ბიუროკრატიული მექანიზმი და ბარიერი სასერტიფიკაციო პროგრამების განმახორციელებელი პირებისთვის და გამოიწვევს კვალიფიციური კადრების ბაზარზე მიწოდების შეფერხებას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„6. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკაციო პროგრამა. სასერტიფიკაციო პროგრამის მინიმალურ მოცულობას (თემატიკა და საათობრივი დატვირთვა) განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.“

ამასთანავე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მთავრობასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცეს მითითება ან რეკომენდაცია, რომ „შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინჟინერიის“ (კოდი 041303) სპეციალობა დაემატოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რათა ამ სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სათანადო ხელშწყობა მოხდეს და შრომის უსაფრთხოების პროფესიის მიმართ წლების შემდეგ მაინც გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება. 

 

5. კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით დასაქმებულების წარმომადგენლის არჩევის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

კერძო კომპანიებში დასაქმებულების წარმომადგენლის არჩევის წესის მთავრობის მიერ განსაზღვრა შეიძლება კომპანიის შიდა საქმიანობაში ჩარევად ჩაითვალოს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხსენებული წესი შეიმუშავოს დასაქმებულებმა და ოფიციალური დოკუმენტის სტატუსის შეძენისთვის (გაფორმება/რეგისტრაცია) კომპანიის ხელმძღვანელობამ დაამტკიცოს. შესაბამისად მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების წარმომადგენლის არჩევის წესს, დასაქმებულების წარდგინებით (დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციაში დასაქმებულების უმრავლესობის მიერ), ამტკიცებს და აქვეყნებს დამსაქმებელი.“

კანონპროექტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში, სიტყვები „ხოლო საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ამტკიცებს სასამართლო“. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული ჩანაწერი შეიცვალოს შემდეგი შინაარსით „და საქმიანობის უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.“

 

6. კანონპროექტის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი არაგანჭვრეტადი, რთულად ადმინისტრირებადია და აღსრულებისას გარკვეული პრობლემები შეიძლება შექმნას, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვჩნია გაიწეროს ჯარიმის კონკრეტული ოდენობა 2000 ლარის ოდენობით. ამავე დროს სასურველია კიდევ ერთი პუნქტი დაემატოს მე-3-ჯერ ნორმების დარღვევის შემთხვევაზე - 5 000 ლარიანი ჯარიმით.